თეგი: ჰუბერტ ქნირში

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. „კმაყოფილებით აღინიშნა, ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გამართული დისკუსია სტრატეგიულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა წლის განმავლობაში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავის აღნიშვნას და ერთობლივ საიუბილეო ღონისძიებებს. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, გერმანიის ჩართულობაზე უკრაინის კრიზისის დეესკალაციის პროცესში, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა საქართველოს თემატიკის მაღალ დონეზე განხილვის მნიშვნელობა გერმანიის დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობის დღის წესრიგსა და დისკუსიებში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია და NATO-ში გაწევრიანება. ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს ინიციატივას, როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს“. 

ჰუბერტ ქნირშის თქმით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ნათლად გამოდის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაეროს რეზოლუციის ინიციატორი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ​განაცხადა. „ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება. ვნახეთ, რომ დაიკეტა „ვითიბი ბანკი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან ავიცილოთ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განუცხადა ქნირშმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. გერმანიის ელჩმა უპასუხა შეკითხვას ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ და კომენტარი გააკეთა საკითხზე, არის თუ არა ამ თემაზე საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული შეშფოთებები საფუძვლიანი; ასევე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით. „რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ამ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში გაივლის, დაინახავს, რომ აქ არის ბევრი რუსი, ცალ-ცალკე, ოჯახები, ახალგაზრდების ჯგუფები. შეიძლება, მათი რიცხვი ბევრად არ აღემატება წინა წლის მონაცემებს, მაგრამ ამჯერად ეს არიან მეტწილად არა ტურისტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ტოვებენ თავიანთ ქვეყანას, რადგან ხედავენ, რომ ვეღარ ცხოვრობენ პუტინის რუსეთში, რომ იქ აღარ აქვთ მომავალი, რომ იქ არის პოლიტიკა, რომელიც მათ წარსულში დააბრუნებს. ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირისკენ და, რომელსაც ისეთი ღირებულებები აქვს, როგორც საქართველოს, სადაც სტუმართმოყვარეობას დიდად აფასებენ, ნამდვილად მიიღებს ასეთ ადამიანებს, მისცემს მათ საშუალებას, საქართველოში ჩამოსვლის, აქ რაღაც პერიოდით ცხოვრების. მათი სიტუაცია, რა თქმა უნდა, განსხვავდება უკრაინელების სიტუაციისაგან, მაგრამ ტრაგიკული იქნებოდა, თუ საქართველოში რუსეთიდან შემოსულ ამ ადამიანებს ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან თავს დაესხმება იმის გამო, რომ სჭირდება ვინმე, ვისაც აჩვენებს თავის სიბრაზეს პუტინისა და მისი პოლიტიკის მიმართ. მე მგონია, კარგი იქნება, რომ საქართველოში შემოუშვან ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად საქმიანობდნენ რუსეთში პუტინის წინააღმდეგ პოლიტიკაში თუ კრიტიკულ მედიაში, უფლება მისცენ მათ, საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ არ უნდა იყოს პრობლემები. ევროპული ქვეყნები, ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოები იღებენ პოლიტიკურ დევნილებს და ამაზე სრული თანხმობა არსებობს“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

გერმანიის ელჩი: ევროკავშირი სანქციებთან მიერთებისთვის ასოცირებულ პარტნიორებს იწვევს, დისკუსია გვაქვს საქართველოს მთავრობასთანაც

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ევროკავშირი იწვევს თავის ასოცირებულ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებისთვის. რა ფორმით უნდა იყოს საქართველო სანქციების მონაწილე, ელჩის თქმით, ეს იმ დისკუსიების საგანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან აქვთ. ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, შემდგომ დღეებში ამ დისკუსიებს გარკვეული შედეგი ექნებათ.„ევროკავშირი იწვევს ასოცირებულ პარტნიორებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შესაერთებლად; რა უნდა იყოს და რა შეიძლება, იყოს ეს უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით, განხილვის საგანია, რომელიც გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ამ დისკუსიას ექნება წინსვლა და მომავალ დღეებში გამოიღებს შედეგს. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია,” - განაცხადა გერმანიის ელჩმა 16 მარტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები EUGBC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მას ასევე ესწრებოდა საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში აქვთ მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასოცირებული პარტნიორები მათ სანქციებს მიუერთდებიან.„მარტის დასაწყისში, უკრაინამ წარადგინა განაცხადი ევროპარლამენტში, რათა დაჩქარებული წესით განიხილებოდეს უკრაინის აპლიკაცია ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. 10 მარტს, ვერსალში განხილული იყო უკრაინის და მოლდოვის განაცხადები კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკავშირში - როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროსტრუქტურებში არის მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნები უნდა იყვნენ ევროკავშირის სანქციების და უსაფრთხოების ზომების მონაწილეები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ჩვენ მივესალმებით იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის გადადგმული და რომლებიც აჩვენებს მკაფიო კოორდინაციას ევროკავშირისა და საერთაშორისო საბანკო სისტემებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ იქნება ახალი ნაბიჯებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. წყარო bm.ge

ირაკლი ღარიბაშვილმა ჰუბერტ ქნირშთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი განიხილა

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველო-გერმანიის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში, რაც ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  მისივე თქმით, პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და მოკლე ვადაში დასრულების მიზნით, ყველა უწყება კოორდინირებულად და აქტიურად მუშაობს, პროცესს კი პირადად პრემიერ-მინისტრი აკონტროლებს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ასოცირების შეთანხმების (AA) დღის წესრიგით გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და ხაზი გაესვა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გერმანიის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების საკითხებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ამ პროცესში გერმანიის ჩართულობასა და მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.  

გერმანიის ელჩის კომენტარი ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუციის მთავარ ასპექტებზე საუბრობს. ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, გერმანიის პარლამენტი ხსენებული რეზოლუციით მიუთითებს წევრობისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული: „ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუცია ეხება უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - ეს ასევე არის ბრძოლა ევროპაში მშვიდობის დაცვისთვის. გერმანიის პარლამენტი გამოხატავს თავის შეხედულებას იმის შესახებ, რომ ჩვენი დახმარება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებისადმი მხარდაჭერას უნდა მოიცავდეს. ბუნდესტაგი ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს თანაბრად ეხება საქართველოსა და მოლდოვას. ამავდროულად, ბუნდესტაგი მიუთითებს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისი დონე, ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის უნარი. ეს არის ის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, იყოს ევროკავშირის წარმატებული წევრი“, - განუცხადა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს. „გერმანიის პარლამენტმა 2022 წლის 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“ და მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ, 2 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ევროკომისიამ ამ კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.  

გერმანიის ელჩი 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს და ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს და ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს.  „საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე“, - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს. საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან  

გერმანიის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ექნება „გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე“

საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა, რომ მოლოდინი მაქვს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოს, მთავრობის მეთაურებს უკვე ექნებათ გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე. ელჩის შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი ნაბიჯი იქნება თუ პატარა, მაგრამ იმედი აქვს, რომ იქნება პროგრესი და ხალხის მხარდაჭერით და პოლიტიკური ძალების სრული ჩართულობით. ,,ეს საღამო ევროპას შეეხება. სხვა რამ ამ საღამოს არ არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მთავრობის შეკრება. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე. ისინი მკაფიოდ უჭერენ მხარს ევროკავშირს, მათ უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და პოლიტიკური პარტიებისგან სწორად ამას მოელიან. მოლოდინი მაქვს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოს, მთავრობის მეთაურებს უკვე ექნებათ გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი ნაბიჯი იქნება თუ პატარა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქნება პროგრესი და ხალხის მხარდაჭერით და პოლიტიკური ძალების სრული ჩართულობით, საქართველოს მთავრობას, ოპოზიციას და ქვეყანას შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ევროკავშირის წევრობის გზა”, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. „ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში დღევანდელი შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს საღამო მხოლოდ ამ თემას ეძღვნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველაფერს, რაც ხდება. სხვა დემონსტრაციებიც თავისუფალი ნების გამოხატულებაა. ამ საღამოს ჩვენ ევროპული ინტერესის სიწმინდეს ვხედავთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

Fit for Partnership-ის პროგრამით გერმანიაში 20-ზე მეტი მეწარმე გაემგზავრება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და გერმანიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუმბერტ ქნირშმა მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამის Fit for Partnership დაწყების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, სასწავლო პროგრამა Fit for Partnership საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატზე ზემოქმედების ფედერალურ სამინისტროსა (BMWK) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მიერ არის ორგანიზებული და 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩათვლით. მასში უკვე 150-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის ფარგლებში კი გერმანიაში 20-ზე მეტი ქართველი მეწარმე გაემგზავრება.როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. პროგრამა Fit for Partnership კი ადგილობრივი მეწარმეებისთვის არის შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე შეიტანონ. ამასთან, პროგრამის წყალობით, ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, გერმანულ კომპანიებთან საქმიანი კავშირები და გრძელვადიანი პარტნიორობა დაამყაროს, გაეცნოს გერმანული ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკებს.„გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა და ასევე, საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა პროგრამის ფარგლებში, რაც მეტად შეუწყობს ხელს ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის საქმიანი კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.მისივე თქმით, საქართველოს ევროპული სწრაფვისა და ინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.„წლების განმავლობაში გერმანიას უკავია წამყვანი პოზიცია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის განვითარების თანამშრომლობის კუთხით და უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის ინსტიტუციურ მშენებლობაში, რისთვისაც მადლიერები ვართ გერმანიის სახელმწიფოსი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.  

გერმანიის ელჩის თქმით, არცერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. ელჩი „მოხარულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მიერ გამოთქმულ 12 პირობასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო“. „პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, როგორ შეასრულონ ისინი. ასევე, ხალხი გამოდის ქუჩებში, რათა გამოხატოს მზადყოფნა, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ იდეას, მონაწილეობა მიიღოს ამ ძალისხმევაში. არცერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ. სწორედ ამას გულისხმობდა ევროკავშირი დეპოლარიზაციაზე ხაზგასმით, რომელიც განსაკუთრებით საქართველოსთვის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. „ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია ქართული პოლიტიკური სისტემის უარყოფითი მახასიათებელია. 4 წელია, თქვენს ქვეყანაში ვმსახურობ და ყველა, იქნება ეს მთავრობისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოება, უბრალოდ ის ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მუშაობს, ხაზგასმით აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა. ევროკავშირი იგივეს ფიქრობს. ეს არის ძალისხმევა, რომელიც ყველა მხარის მიერ, ერთად უნდა განხორციელდეს “, -  განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა ქართული მედიის ცნობით. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად

ჰუბერტ ქნირში: ვისურვებ, საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება

გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. „თუ შეიძლება ერთი რამ ვისურვო, არის ის, რომ საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. არავის მისცეთ ამის უფლება! ჩვენი პარტნიორობა ფუნდამენტურია და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად სიმტკიცე გამოვიჩინოთ მის შესანარჩუნებლად. საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.  

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება

გერმანიის ახალი ელჩის ვინაობა ცნობილია. ჰუბერ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის. „რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია თბილისში გადავდიართ. მექნება პატივი, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად“, - წერს მომავალი ელჩი Twitter-ზე. 2018 წლის ივლისიდან ამ დრომდე ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. მანამდე გახლდათ ენერგეტიკის, კლიმატის პოლიტიკისა და ექსპორტის კონტროლის მიმართულების დირექტორი ბერლინში, გერმანიის ფედერალურ საგარეო ოფისში. საქმიანობის სფერო მოიცავდა გლობალურ ენერგეტიკასა და კლიმატის პოლიტიკას, ასევე ექსპორტის კონტროლს და საერთაშორისო სანქციებს. ელჩი ფიშერი არის კარიერული დიპლომატი, რომელიც ფედერალურ საგარეო უწყებას 1986 წელს შეუერთდა. მისი პროფესიული გზა ეკონომიკურ პროგრესსა და მდგრადობაზე იყო ფოკუსირებული. მას ეკავა რამდენიმე თანამდებობა ბერლინის ფედერალურ საგარეო საქმეთა ოფისში, მათ შორის იყო საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი და მთავარი ეკონომისტი. პიტერ ფიშერი ფედერალური პრეზიდენტის აპარატში, საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.  მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, როგორც ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, თელ-ავივში ელჩის მოადგილედ, ასევე ლონდონში, შანხაისა და სინგაპურში. ელჩი ფიშერი ერთი წლით იყო გაგზავნილი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მუშაობდა. ის რამდენიმე თვით იყო მივლენილი საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სამინისტროშიც.  მომავალი ელჩი ფლობს მაგისტრის ორ ხარისხს: ისტორია/პოლიტოლოგია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი; მმართველობა/საერთაშორისო ურთიერთობები - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ. (ფულბრაიტის პროგრამით). ასევე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიით, სწავლობდა პარიზში, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. რაც შეეხება ჰუბერტ ქნირშს, ის საქართველოში ელჩად 2018 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა. გაეცანით ჰუბერტ ქნირშის ექსკლუზიურ ინტერვიუს Europetime-თან.

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, მთავრობის მეთაურმა ელჩს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და აღინიშნა ელჩის პირადი წვლილი ამ ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით. „მთავრობის მეთაურმა გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპული საბჭოს მიერ გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ხაზი გაესვა ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმებასა (AA) და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო და ერთგულ პარტნიორად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება

გერმანიის საელჩო: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გამოითქვა მტკიცე რწმენა, რომ მაღალ დონეზე თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ ქნირშსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, „გერმანიის ელჩმა სიხარულით მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველო უკვე შეუდგა ევროკომისიის მიერ გათვალისწინებული 12 პუნქტის განხორციელებას“. გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა შესანიშნავ გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას. საუბრისას გამოითქვა მტკიცე რწმენა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე მაღალ დონეზე გაგრძელდება. გერმანიის ელჩმა სიხარულით მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველო უკვე შეუდგა ევროკომისიის მიერ გათვალისწინებული 12 პუნქტის განხორციელებას“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა 25 ივლისს გამართა. ჰუბერტ ქნირში, საქართველოში ელჩად 2018 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა. გაეცანით ჰუბერტ ქნირშის ექსკლუზიურ ინტერვიუს Europetime-თან.